Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში შეჭრის გამართლებისთვის ორ "პრო-რუს დეზინფორმატორს" ჩეხეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 


ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩო საგანგებო განცხადებით ეხმაურება ჩეხეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საჯაროდ გამართლება შესაძლოა დანაშაულად ჩაითვალოს.

"ჩეხეთის სამართალდამცავი სააგენტოები გამოდიან გაფრთხილებით, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საჯაროდ გამართლება შესაძლოა კლასიფიცირებული იყოს გენოციდის უარყოფად, მასში ეჭვის შეტანად, მის შექებად და გამართლებად, და კრემლის ადგილობრივ მეგობრებს მოუწოდებს ენას კბილი დააჭირონ და არ გამოხატონ ანტი-უკრაინული შეხედულებები.

კონკრეტულად, ჩეხეთის პროკურორის ოფისმა უკვე დასდო ბრალი ორ პრორუს დეზინფორმატორს 'გენოციდის უარყოფის, მასში ეჭვის შეტანის, მისი შექების და გამართლების' დანაშაულის ჩადენაში. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის საელჩოს წინ გამართულ დემონსტრაციაზე უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მეორემ კი მანქანას, რომელმაც მას ჩაუარა, უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა.

მადლობას ვუხდით ჩეხ მეგობრებს ამ პოზიციისთვის" - წერს უკრაინის საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ჩეხეთის მედიაში 26 თებერვალს გავრცელდა გენერალური პროკურორის, იგორ სტრჟიჟის განცხადება, რომ დემონსტრაციებზე და სოციალურ მედიაში გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიმდინარე თავდასხმას უკრაინაზე ან რუსეთის მმართველებს მხარდაჭერას უცხადებს, შესაძლოა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად, და სამ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.

"ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების მე-17-ე მუხლი სიტყვის თავისუფლებას კონსტიტუციის დონეზე ამყარებს" - ნათქვამია განცხადებაში. "ყველას აქვს უფლება თავისი შეხედულება ისე გამოხატოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. მაგრამ სიტყვის თავისუფლებას ასევე აქვს ზღვარი დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპით იმართება" - ამბობს სტრჟიჟი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG