Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: „თუ შეგიძლია ჯერ თქვა და მერე გაისროლო, ასეც უნდა მოიქცე“


მოლაპარაკება ყოველთვის სჯობს სროლას“, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას 3 მარტს, პრეზიდენტის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რა აზრის იყო უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე და რა არის მხარეთა მოთხოვნები.

„აქ მოთხოვნების ამბავი არ არის. კითხვებია, რომლებზეც უნდა ვილაპარაკოთ. რუსულ მხარეს პასუხები უკვე დიდი ხანია აქვს თავისსავე კითხვებზე. მგონია, არანაირი აზრი არა აქვს ისეთი კითხვების დასმას, რომლებზეც პასუხები უკვე არსებობს. ვფიქრობ, ამაშია ამ დიალოგის სირთულე, ჯერჯერობით. არის თემები, რომლებსაც კომპრომისი სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანები არ დაიხოცონ, მაგრამ არის თემები, რომლებთან დაკავშირებითაც კომპრომისი შეუძლებელია. ხომ არ შეიძლება ახლა წახვიდე და თქვა: „კი, ეს თქვენი ქვეყანაა, რუსეთის ნაწილია უკრაინა“. ეს ხომ შეუძლებელია. ამის ჩვენთვის შემოთავაზებას რა აზრი აქვს?“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა აზრი ამ მოლაპარაკებებს, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მოლაპარაკება ყოველთვის სჯობს სროლას.

„თუ შეგიძლია ჯერ თქვა და მერე გაისროლო, ასეც უნდა მოიქცე. მე ამ პრინციპით ვცხოვრობ“, - თქვა მან.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

XS
SM
MD
LG