უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე, მოწინააღმდეგემ დაკარგა 10 000-ზე მეტი ადამიანი, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
ამავე ინფორმაციით, რუსების დანაკარგებს შორისაა 269 ტანკი, 945 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 409 საავტომობილო ტექნიკა, 105 საარტილერიო სისტემა, 50 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 19 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 39 თვითმფრინავი (ზუსტდება), 40 ვერტმფრენი (ზუსტდება), 3 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინული მხარე თითქმის არ საუბრობს საკუთარ დანაკარგებზე.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.