ნატოში ფინეთის წევრობის მოთხოვნის შეტანაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქვეყნის პარლამენტმა, განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ, თავის ინტერვიუში, რომელიც აშშ-ის საზოგადოებრივ მაუწყებელს, PBS-ს მისცა ვაშინგტონში 4 მარტს. მან განაცხადა, რომ ესმის, „ნატოს კარი ღიაა. ფინეთში ძალიან ცხარე და მნიშვნელოვანი დებატებია ნატოში წევრობაზე. ჩვენი პარლამენტი აქტიურობს და ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს“. ფინეთის პრეზიდენტმა შეკითხვაზე, არის თუ არა მისი ქვეყანა ისევე დაცული ახლა, როგორც ალიანსში გაწევრიანების შემდეგ იქნებოდა, თქვა, რომ „ჩვენ თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მოვლენები, რასაც ახლა ევროპაში ვხედავთ“.
ფინეთის რადიოს - Yle-ს მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკითხვით, ფინელების უმრავლესობას სურს, რომ მათი ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. 53 პროცენტი ემხრობა ალიანსში ფინეთის წევრობას, 28 წინააღმდეგია და 19-ს პასუხი არ აქვს. მაუწყებლის თანახმად, 2017 წლის შემდეგ, როცა ანალოგიური გამოკითხვა მოეწყო, ნატოს მომხრეთა რიცხვი გაიზარდა 34 პროცენტით.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ახლახან განაცხადა, რომ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის შესვლა სულ მალე იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები თვითონ ისურვებენ წევრობას.