Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსულ სამხედრო ძალებში გადაჯგუფებაა კიევზე შტურმის მიზნით


კიევის მერიის შენობა
კიევის მერიის შენობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულ სამხედრო ძალებში განხორციელდა გადაჯგუფება კიევზე შტურმის ორგანიზებისთვის.

გენერალური შტაბის მიერ დღეს, 8 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აპირებენ კიევზე შეტევისთვის გამოიყენონ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: რუსეთის ეროვნული გვარდიის, რამზან კადიროვის სახელობის გროზნოს სპეციალური პოლკი, კემეროვოს და მოსკოვის სპეცდანიშნულების რაზმები და კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“(ყოფილი "ვაგნერი").

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები კიევის გარშემო შეტევას განაგრძობენ ავიაციის მხარდაჭერით და სარაკეტო დარტყმებით.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG