უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს რუსულად მიმართა, თუ გადარჩენა უნდათ, სახლში დაბრუნდნენ. დღევანდელი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები იომებენ, სანამ თავიანთ მიწას არ დაიბრუნებენ:
„რუსო ჯარისკაცებო, თქვენ გაქვთ შანსი სიკვდილს გადაურჩეთ. ჩვენი წინააღმდეგობის თითქმის ორმა კვირამ გაჩვენათ, რომ ჩვენ არ დავნებდებით, რადგან ეს ჩვენი სახლია, აქ არიან ჩვენი ოჯახები და შვილები. ჩვენ ვიომებთ, სანამ არ დავიბრუნებთ საკუთარ მიწას და პასუხს ბოლომდე არ გაგცემთ ჩვენი მოკლული ადამიანების, მოკლული ბავშვების გამო. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ უბრალოდ წახვალთ. ნუ დაუჯერებთ თქვენს მეთაურებს, როცა გეუბნებიან, რომ უკრაინაში შანსი ჯერ კიდევ გაქვთ. აქ თქვენ არაფერი გელოდებათ ტყვეობის ან დაღუპვის გარდა“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებითვე, მათთვის ცნობილია რუსი სამხედრო მეთაურების საუბრების შინაარსი და უკვე ისინიც ყველაფერს ხვდებიან.
„საჭიროა ამ ომის დამთავრება. საჭიროა დავუბრუნდეთ მშვიდობას. წადით ჩვენი სახლებიდან. თქვენთან დაბრუნდით!" - მიმართა ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 8 მარტისთვის 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.
დაწერეთ კომენტარი