Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბომბები პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 მარტს


ვითარება უკრაინაში: რუსეთის არმიამ ლვოვთან ახლოს სამხედრო ცენტრი დაბომბა

რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა „მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო“ ცენტრს, რომელიც ქალაქ ლვოვთან, პოლონეთის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს.

უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, იერიში 30-მდე რაკეტით განხორციელდა, რაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასიური დარტყმაა უკრაინის დასავლეთ ნაწილში. უკრაინა აცხადებს, რომ დაიღუპა 35, ხოლო დაშავდა 130 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის იგორ კონაშენკოვის თქმით კი, მათ იერიშს „180 უცხოელი დაქირავებული მებრძოლი“ ემსხვერპლა, განადგურდა დიდი რაოდენობით იარაღი, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო მიწოდებული. კონაშენკოვმა ასევე დაამატა, რომ რუსეთი გააგრძელებს უცხო ქვეყნის მებრძოლებზე იერიშებს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 14 მარტს, 12 საათზე მოისმენს. მოხსენების მოსმენის გარდა, ამ დღეს დეპუტატებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტს დაუსვან კითხვები და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები.

პარლამენტმა პრეზიდენტს წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენაზე, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა, უარი უთხრა და მოსმენის სხვა დროს გამართვა შესთავაზა. პრეზიდენტის პარლამენტში წარდგომის ალტერნატიული თარიღი მაშინ არ დასახელებულა. პარლამენტის მხრიდან ამგვარი ქცევა უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და დეპუტატებს უმრავლესობიდან ინსტიტუციებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

რომის პაპი გამოდის უკრაინაში "მიუღებელი სამხედრო აგრესიის" დასრულების მოწოდებით

რომის პაპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა ამ ეტაპისთვის ყველაზე მკაცრი ფორმულირებით დაგმო, და 13 მარტს თქვა, რომ "მიუღებელი სამხედრო აგრესია" უნდა შეწყდეს.

წმინდა პეტრეს მოედანზე, ათასობით მორწმუნის წინ საკვირაო ქადაგების წარმოთქმისას, ფრანცისკემ "ბარბაროსული" უწოდა ბავშვების და უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვას, რეალური "სტრატეგიული მიზეზის" გარეშე. მან გაჩანაგებულ ქალაქ მარიუპოლს "წამებული ქალაქი" უწოდა და კიდევ ერთხელ გამოვიდა რეალური ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედების მოწოდებით, რათა ადამიანებმა წასვლა შეძლონ.

წაიკითხე მეტი.

რუსეთში სწრაფად იზრდება ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი

გუშინ რუსეთის 35 ქალაქში მიმდინარე აქციებზე 658-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს აპროტესტებდნენ.

"ОВД-Инфо"-ს ვებსაიტზე მონაცემები ყოველწუთიერად იცვლება და სულ უფრო ვრცელი ხდება დაკავებულთა გვარების სიაც. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ აქვეყნებენ მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას და მხოლოდ იმ პირთა გვარებს, რომელთაგანაც ნებართვა აქვთ მიღებული.

13 მარტს აქციის მონაწილეები დააკავეს ურალსა და ციმბირშიც. დაკავებულთა რიცხვი მოსკოვში უკვე 300-ს აღწევს, სანქტ-პეტერბურგში - 145-ს, ხოლო ეკატერინბურგში - 64-ს.

წაიკითხე მეტი.

„ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს“ - რუსული პროპაგანდის ძველი და ახალი გაკვეთილები

თუკი 2008 წელს, რუსული პროპაგანდა გორში დაბომბილი მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოებს უწოდებდა დადგმულსა და გამოგონილს, ამჯერად მისი სამიზნე უკრაინა და უკრაინელი ფოტოგრაფები გახდნენ.

თუმცა, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული „ტვიტები“ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ, სადაც ვითომდა არც ბავშვები იყვნენ და არც მშობიარეები, ხოლო ფოტოზე აღბეჭდილი დაშავებული ორსული ე.წ. სილამაზის ბლოგერი იყო, რომელიც პროპაგანდისტი ფოტოგრაფისთვის პოზირებდა, Tweeter-მა მალევე წაშალა. Tweeter-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პოსტები „Tweeter-ის წესების დარღვევის გამო“ წაიშალა.

მარიუპოლში, სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა. მათ შორის, ბავშვი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხუთშაბათს, CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: "სამწუხაროდ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რუსეთის ხელისუფლება და მათ შორის, მინისტრი ლავროვი, თავიანთ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ. თვალებში მიყურებდა, როდესაც მითხრა, რომ ორსული ქალების ფოტოები, რომლებიც მარიუპოლის სამშობიაროს ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ტყუილია“.

როგორ მუშაობდა და მუშაობს რუსული პროპაგანდა? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

XS
SM
MD
LG