იტალიამ უკრაინას შესთავაზა აღადგინოს დრამის თეატრის შენობა მარიუპოლში, რომელიც ორი დღის წინ დაბომბა რუსეთის არმიამ.
გერმანიის სააგენტო დეპეას მოჰყავს იტალიის კულტურის მინისტრის, დარიო ფრანჩესკინის ნათქვამი, რომ იტალიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა მისი წინადადება - უკრაინას შესთავაზონ "რესურსები და საშუალებები [თეატრის] აღსადგენად, რაც შეიძლება მალე". "ყველა ქვეყნის თეატრები მთელ კაცობრიობას ეკუთვნის", - დაწერა ფრანჩესკინიმ ტვიტერზე.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, თეატრის ბომბსაფარს ოთხშაბათს, დაბომბვისას, 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, დაბომბილი შენობიდან დაახლოებით 130 ადამიანი გამოიყვანეს. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ინციდენტში - უკრაინული მხარე ამბობს, რომ ეს იყო განზრახ დაბომბვა რუსეთის მხრიდან, რუსეთი კი თავდასხმაში უკრაინულ "ნაციონალისტურ" სამხედრო დაჯგუფებას, "აზოვს", ადანაშაულებს.
ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ომით განადგურებული ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 80% დაინგრა, მათ შორის 30%-ის აღდგენა (უკვე) შეუძლებელია.
"ქალაქს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ბომბს აყრიან. ნგრევა უზარმაზარია", - დაწერა ქალაქის საბჭომ Telegram-ზე. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. მარიუპოლი 16 დღეა ბლოკადაში იმყოფება, ათასობით ადამიანს თავშესაფრებში უწევს რუსეთის ბომბებისგან თავის შეფარება, - განაცხადა ქალაქის საბჭომ. ამ დროისთვის, დაახლოებით 30 000-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა ქალაქი.
იუნესკომ გასულ კვირას გააკეთა მოწოდება უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის გაძლიერებისკენ. "ჩვენ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა უკრაინაში, როგორც წარსულის მტკიცებულება, მაგრამ ასევე, როგორც კატალიზატორი მშვიდობისა და სამომავლო ერთობის, რომლის დაცვა და შენარჩუნება საერთაშორისო საზოგადოებრიობის ვალია", - განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ.