Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დატყვევებულმა ჩეჩენმა „მოხალისემ“ კადიროვს მოუწოდა, საომრად თავისი ნათესავები გაუშვას


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმ "აზოვის" ერთ-ერთმა დანაყოფმა გამოაქვეყნა ვიდეოინტერვიუ სავარაუდო ჩეჩენ სამხედრო ტყვესთან, რომელიც საუბრობს მარიუპოლის მახლობლად ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და რამზან კადიროვს მიმართავს, რომ უკრაინასთან საომრად თავისი ნათესავები გაგზავნოს.

მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, რომ გროზნოდან 17 მარტს აფრენილი თვითმფრინავი მეორე დღეს დაეშვა მარიუპოლის მახლობლად, სადაც ის ტყვედ ჩავარდა. მისივე თქმით, ე.წ. ჩეჩენ მოხალისეებს უკრაინაში გაგზავნისას ერთი ტყვიამფრქვევი და ვაზნების მხოლოდ ოთხი მჭიდე ეძლევათ. პატიმარი უჩივის ცუდ მარაგს და ასევე ჰყვება, თუ როგორ ესროლეს რუსმა სამხედროებმა ჩეჩნების კოლონას, რომელსაც, მისი სიტყვებით, „საზარბაზნე ხორცივით ისვრიან" ფრონტის ხაზზე. დაღუპულთა ცხედრებს წვავენ, ამბობს ვიდეოში მამაკაცი.

"კადიროვო რამზან, იმავეს გეუბნები. ნუ ხოცავ ხალხს. უმჯობესია, გაგზავნეთ თქვენი ძმისშვილი, თქვენი შვილი. რატომ არ გზავნით თქვენს ნათესავებს, ა? ჰოდა, შენები გაგზავნე, დაე, მათ იომონ. სხვებს ნუ მოუწოდებ, სხვებსაც უნდათ ცხოვრება", - მიმართავს პატიმარი ჩეჩნეთის ხელმძღვანელს.

შვედეთში მცხოვრებმა ოპოზიციონერმა ჩეჩენმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, ამავე მოხალისის ფოტო, რომელზეც იგი აღბეჭდილია სამხედრო ფორმით და საარმიო ზურგჩანთით. ამოსაცნობ ნიშნებს შორის ფოტოზე ჩანს მხოლოდ სამკლავური, რომელზეც ჩეჩნეთის დროშაა გამოსახული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ჩეჩნეთის პრორუსულ ხელისუფლებას ამ ვიდეოს და ჩეჩენი მოხალისის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • მანამდე ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დაადასტურა, რომ უკრაინაში მოკლულია ჩეჩნეთის ორი მცხოვრები და 6 დაჭრილია. კადიროვმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა.
  • კადიროვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უწოდებს „ტერორისტულ ფორმირებებს“ და „მაროდიორებს“ და უკრაინელებს მიმართავს, რომ ზელენსკიმ უკვე დიდი ხანია დაკარგა მსოფლიოსთან კავშირი და უკრაინას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხზე გული შესტკივა. კადიროვი ისევ აცხადებს, რომ რუსეთის არმია თავს არ ესხმის უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.
  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG