Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთმა რუსეთს დრონებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა


რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) "ორიონი". ფოტო არქივიდან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაწესდა სანქციები რუსეთის კომპანია „Кронштадт"-ის წინააღმდეგ, რომელიც დრონ „ორიონისა“ და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების ძირითადი მწარმოებელია. უწყების მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის გაძლიერებული ანტისაჰაერო თავდაცვის გამო, რუსეთი იძულებული გახდა შეეზღუდა ავიაიერიშები ფრონტის ხაზის მიღმა და გადავიდა უპირატესად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე.

შესაბამისად, ბრიტანეთი ვარაუდობს, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში ბევრად მეტი დრონი დასჭირდება, ხოლო დაწესებული სანქციები მას მარაგის შევსების შესაძლებლობას არ მისცემს.

„ეს სანქციები დააზარალებს რუსეთის თავდაცვით მრეწველობას და შეზღუდავს შესაძლებლობას, რომ ჩაანაცვლოს გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატები“, - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში, რომელიც ტვიტერზე ქვეყნდება.

დიდი ბრიტანეთი, დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, თანდათან აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს. ბოლო ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა დამატებით 65 პირსა და კომპანიას.

26 მარტს უკვე 31 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რამდენიმე მიმართულებით განაგრძობს იერიშს, მათ შორის დიდი ქალაქების გარშემო, თუმცა წარუმატებლად.

უკრაინის მხარე იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სულ უფრო სუსტდება მისი შეტევითი პოტენციალი, მათ შორის ავიაციითაც. რუსეთის მხარემ ჯერჯერობით დაადასტურა მხოლოდ 1351 სამხედროს დაღუპვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG