Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთმა ზელენსკი ალექსანდერ დუბჩეკის პრემიით დააჯილდოვა


სლოვაკეთმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დააჯილდოვა ალექსანდერ დუბჩეკის სახელობის სახელმწიფო პრემიით. ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა.

„სლოვაკეთმა ზელენსკი დააჯილდოვა ალექსანდერ დუბჩეკის სახელმწიფო პრემიით - თავისუფლებისა და იმედის სლოვაკური სიმბოლოთი. პუტინმა გადაწყვიტა, უკრაინაში გაიმეოროს ის, რაც საბჭოთა კავშირმა გააკეთა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში. ის იყენებს სამხედრო ძალას, რათა ჩაახშოს ადამიანთა სწრაფვა დემოკრატიისკენ. ეს დაუშვებელია!“ - დაწერა ჰეგერმა წუხელ ტვიტერში.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევში რჩება, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მრავალრიცხოვანი მიმართვებით გამოდის. კერძოდ, ის გამოვიდა სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების - აშშ-ის კონგრესის, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის, გერმანიის ბუნდესტაგის - წინაშე და უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ომში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში. რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს იერიშს.

XS
SM
MD
LG