საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სააკაშვილის მიერ სასამართლოს დარბაზში გაკეთებულ განცხადებას „მთავრობის მოშორებასთან“ დაკავშირებით, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან. მისი თქმით, ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ექსპრეზიდენტის განცხადებას.
„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ძალადობის ორგანიზებას ედავება, მისი უფლებადამცველები კი სააკაშვილს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ აცხადებენ, ის დღემდე ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებს.
"სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, ეს იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ძალოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევის ღონისძიებაში, მან თავი აარიდა მოწმეთა დაკითხვას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დატოვა პროცესი“, - უთხრა მედიას ჯარჯი წიკლაურმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის საქმე განიხილებოდა, მიმართა საზოგადოებას და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მიმართ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამ განსხვავებაზე აპელირება თავის მოტყუებაა.
„თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში... თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ორ საქმეზე მისჯილი ბრალით, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. ის ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.