Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სოფელ დარჩელში დაპირისპირება მოჰყვა „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნას


სოფელი დარჩელი
სოფელი დარჩელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ. მათ სახლის მეპატრონისგან (რომელშიც ოფისი გაიხსნა) მოითხოვეს, შენობის ფასადიდან ჩამოეხსნა "კონსერვატიული მოძრაობის" ბანერი, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და მოძრაობის წევრებს შორის. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

აქციის მონაწილეების თქმით, არ დაუშვებენ იმას, რომ სოფელში იმუშაოს ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა.

„ამას ჩვენი სოფელი არ დაუშვებს, რადგან ესენი რუსეთისგან ფინანსდებიან“, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოფისი დატოვეს „კონსერვატიული მოძრაობის" წევრებმა, თუმცა ადგილზე რჩება პოლიცია და იცავს ოფისს.

სოფელი დარჩელი
სოფელი დარჩელი

„კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი უკვე ფუნქციონირებს ზუგდიდის ცენტრში. 17 მარტს რამდენიმე მოქალაქემ ოფისის ფასადი უკრაინის დროშის ფერებში შეღება, თუმცა ოფისის წარმომადგენლებმა ის მალევე გაასუფთავეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, 17 მარტს ადგილზე მისულ მის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაახლოებით 15-მა პირმა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ღიად პრორუსული პარტია „კონსერვატიულ მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით, მისი თავმჯდომარე სიძულვილის ენით და ფაქტების მანიპულაციით გამორჩეული “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი - “ალტ-ინფოს” კიდევ ერთი წამყვანი გიორგი ქარდავა.

„ალტ-ინფოს“ პარტია, თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში ოფისებს ხსნის, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ ათობით ოფისის გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. ხულოში, მესტიაში, ამბროლაურში, მარნეულში, ოზურგეთში, ქობულეთში, შუახევში, საგარეჯოში სამოქალაქო აქტივისტები თუ უბრალოდ იქ მცხოვრები მოსახლეობა, ვინც "კონსერვატიული მოძრაობის" ღიად პრორუსულ ორიენტაციას აპროტესტებს, ქუჩაში გამოვიდნენ და როგორც შეძლეს, ისე გააპროტესტეს ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ოფისების გახსნა.

XS
SM
MD
LG