Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებს


31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის მიკროსქემების უმსხვილეს მწარმოებელს და მათთან დაკავშირებულ პირებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესა 13 პირს და 21 ორგანიზაციას, მათ შორის სააქციო საზოგადოება „მიკრონს“ - რუსეთში მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელს და ექსპორტიორს, კერძოდ, მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელს ამ ქვეყანაში.

სამინისტრომ გააფართოვა სანქციების სფეროში უფლებამოსილება, რომელიც ეხება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებს. ეს ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს, სანქციები დაუწესოს ამ სექტორებში მომუშავე ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

ეს ნაბიჯი ასევე მიმართულია „ბოროტი განზრახვის მქონე კიბერ-აქტივისტების“ წინააღმდეგ. „გავაგრძელებთ პუტინის სამხედრო მანქანისთვის სანქციების დაწესებას“ ყველა მხრიდან, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯენეტ იელენმა.

ეს ბოლო ზომებია სანქციების სერიაში, რომლებიც რუსეთის და მისი მოკავშირეები მიმართ დაწესდა 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ. ამ სანქციების ძალით აშშ-ში იყინება აქტივები, რომლებიც ეკუთვნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია მიმართული. ამასთან, ამერიკელებს ეკრძალებათ ამ სუბიექტებთან საქმის დაჭერა. ვინც მათთან ერთად გარკვეულ ოპერაციებს ჩაატარებს, ასევე გახდება სანქციების სამიზნე.

XS
SM
MD
LG