დაიწყო უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, უკრაინული დელეგაციის წევრის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, შეხვედრა სამუშაო ჯგუფების ჩართულობით ონლაინფორმატში მიმდინარეობს.
წინასწარვე იყო ცნობილი, რომ დღევანდელი შეხვედრა ონლაინფორმატში წარიმართებოდა. ამის შესახებ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, მიმდინარე შეხვედრაზე მათი "პოზიცია ყირიმისა და დონბასის საკითხზე უცვლელია".
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.