რუსეთის ქალაქ იაროსლავლის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა გამოსასწორებელი კოლონიის 9 თანამშრომელს, რომლებიც ბრალდებული არიან პატიმართა ცემაში. მათგან ოთხი ადრე უკვე იყო მსჯავრდადებული მსგავსი დანაშაულისთვის.
როგორც „ბიბისი“ იუწყება ფონდ „საზოგადოებრივ ვერდიქტზე“ დაყრდნობით, იაროსლავლის სასამართლომ სამ-სამი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა საპატიმროს ყოფილ თანამშრომლებს, ვლადიმირ ბალანოვს, ალექსეი ვიხარევს, იგორ კემირონოვს, ივან კოკოვინს, ალექსანდრ სემიონოვს, იგორ ბოგდანოვს, ალექსეი ბროვკინს, რუსლან ცვეტკოვსა და მაქსიმ იაბლოკოვს.
მსჯავრდებულებს აეკრძალათ ასევე სამართალდამცავ ორგანოებში 2,5 წლით მუშაობა.
კოლონიის თანამშრომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2021 წლის თებერვალში აღიძრა მას შემდეგ, რაც „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ციხეში ერთ-ერთი პატიმრის, საქართველოს მოქალაქის, ვაჟა ბოჭორიშვილის ცემის კადრები.
„ადექი, ადექი ფეხზე, ბოჭორიშვილი!“ - ვიდეოში ჩანს, ციხის თანამშრომელი პატიმარს როგორ უყვირის. ვაჟა ბოჭორიშვილი იატაკზე გდია. მას შემდეგ, რაც უმოწყალოდ სცემეს, მან ფეხზე ადგომა ვეღარ შეძლო.
ვაჟა ბოჭორიშვილი 2017 წლის 9 მაისს გარდაიცვალა. მისჯილი სამწელ-ნახევრიდან მას წელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. ნათესავებს ცხედარი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გადასცეს, ისიც შინაგანი ორგანოების გარეშე.
მეორე ვიდეოზე კოლონიის თანამშრომლები სცემენ ჩეჩნეთის წარმომადგენელ აბუბაქარ ცაგალაევს.
გამოძიების პროცესში დაზარალებული ცაგალაევის ინტერესებს იცავდა „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ადვოკატი ირინა ბირიუკოვა, მაგრამ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცაგალაევმა კავშირზე გასვლა შეწყვიტა, ხოლო შემდეგ უარი განაცხადა ადვოკატისთვის სასამართლოზე წარმომადგენლობის უფლების შესახებ შეთანხმებაზე.
ბიურიკოვას აზრით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსი უფლებადამცველების მიმართ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მტრულ დამოკიდებულებას.