Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ცენზურაზე საუბრობენ და პარლამენტისგან რეაგირებას ითხოვენ


სოფო კილასონია (მარცხნივ), სალომე ჯაში და პაატა შამუგია
სოფო კილასონია (მარცხნივ), სალომე ჯაში და პაატა შამუგია

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა - რეჟისორებმა, პოეტებმა, მკვლევრებმა და გულშემატკივრებმა - საქართველოს პარლამენტის შენობიდან მოითხოვეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისგან რეაგირება. ისინი ცენზურად აფასებენ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებს.

"დღეს ვხედავთ, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოახდინა კულტურის სფეროს უზურპაცია... დღეს თავისუფალი გარემო არ არსებობს, არც ჩანს, ვინც არის პასუხისმგებელი სხვადასხვა სფეროზე, ვინც ინიშნება, ვხედავთ, რომ არ გააჩნიათ არანაირი კომპეტენცია... დღეს ჩვენ ვართ ბრძოლაში, ეს არის ღირებულებითი ბრძოლა, ბრძოლა თანამედროვეობასა და რეტროგრადიულობას შორის, ბრძოლა ღიაობასა და ჩაკეტილობას შორის, ბრძოლა თავისუფლებასა და კონტროლს შორის", - თქვა რეჟისორმა სალომე ჯაშმა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს საკუთარი პასუხისმგებლობა შეახსენა პოეტმა პაატა შამუგიამ. მან თქვა, რომ თუ არ იქნება რეაგირება, დააყენებენ საკითხს, რომ ელისო ბოლქვაძეს "იუნესკოს" ელჩის სტატუსი ჩამოართვან.

"აბსოლუტურად დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით, თუმცა ყველაზე მავნე და გამანადგურებელი არის ის, რასაც ცენზურა ჰქვია...

მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ აიღოს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მტრული გარემოს, ცენზურისა და უამრავი შემაფერხებელი გარემოების გამო, მოვითხოვთ, მას ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის ტიტული იუნესკოში. ადამიანი, ვინც კულტურის სფეროს რეპრესიებზე თვალს ხუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს", - თქვა პაატა შამუგიამ.

სხვადასხვა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მუშაობენ, რათა პრობლემები არ ჰქონდეთ ამ სფეროს წარმომადგენლებს.

"ჩვენ საკადრო პოლიტიკაში არ ვერევით. ჩვენ სხვა მიმართულებები გვაქვს, რასაც ვახორციელებთ ყოველდღიურად", - უთხრა "TV პირველს" დეპუტატმა.

თეა წულუკიანმა, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საკადრო ცვლილებები გაატარა დაქვემდებარებულ უწყებებში. გარდა ამისა, სამინისტრო დაიხურა კრიტიკული მედიისთვის. პრესსამსახურის თანამშრომლები არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG