აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს.
აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, კენჭისყრა ერთსულოვანი იყო: დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო.
მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს.
ამასთან, კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები - მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ აშშ-ს წლებია შეყვანილი ჰყავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი გარემოცვის ათეულობით წარმომადგენელი ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევებისთვის.
კონგრესის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით გათვალისწინებულ ზომებს შორისაა ვიზების გაცემის აკრძალვა და ქონების დაყადაღება რუსეთის მოქალაქეებისთვის.
დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.
უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის ნამოქმედარის საპასუხოდ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. რუსეთი უარყოფს ყველა ბრალდებას. საერთაშორისო მედია აქვეყნებს ახალ სამხილებს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა- ჟლეტასთან რუსი სამხედროების კავშირის შესახებ.
6 აპრილს კი აშშ-ის სენატმა ასევე ერთხმად მიიღო კანონი (ლენდ-ლიზის კანონი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, უფრო ეფექტურად მიაწოდოს იარაღი და სხვა მარაგი უკრაინას რუსეთისგან მომდინარე აგრესიასთან გასამკლავებლად.
ლენდ-ლიზის კანონმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ვინაიდან ამერიკას შეეძლო ჰიტლერის წინააღმდეგ ომში ჩართული ქვეყნებისთვის მიეწოდებინა შეიარაღება, სამშენებლო მასალები, საკვები და სხვა, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ლენდ-ლიზის კანონს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუზველტმა 1941 წელს მოაწერა ხელი. კანონის ფარგლებში დახმარების პირველი პაკეტი დიდ ბრიტანეთს გაეგზავნა. კანონი მრავალწლიანი ლიზინგის საფუძველზე ამერიკის მხრიდან დახმარების გაწევას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც კონკრეტულ მომენტში საჭირო შეიარაღების ან სხვა მასალის შეძენის ფინანსური საშუალება არ აქვთ.
კანონის ამოქმედება ამერიკის მიერ ყოველთვის აღიქმება მისი მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულებად.