Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა სარაკეტო თავდასხმას ლვოვში


ლვოვი, 18 აპრილი, 2022 წ.
ლვოვი, 18 აპრილი, 2022 წ.

18 აპრილს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, რომელსაც თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის პერიოდში არ შეხებია ინტენსიური ბრძოლა. დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი კიდევ თერთმეტი ადამიანი - იუწყებიან ლვოვის მესვეურები.

რეგიონის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიტსკის თქმით, სამი რაკეტა მოხვდა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ერთი - საბურავების მაღაზიას. მძიმედ დაზიანებულ შენობებს შორისაა სასტუმრო, რომელსაც თავს აფარებდნენ ქვეყნის სხვა ადგილებში ბრძოლას გამოქცეული უკრაინელები - ამბობს ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.

აფეთქებების შესახებ ცნობები ვრცელდება ასევე კიევიდან და დნეპროპეტროვსკის რეგიონიდან. იუწყებიან, რომ დნეპროპეტროვსკში ორი ადამიანია დაჭრილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამით აცხადებდა, რომ მისი ძალები ცეცხლს უხსნიდნენ 100-ზე მეტ სამიზნეს ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო შეიარაღება და ჯარისკაცები. სამინისტროს თქმით, რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის რვა ტანკი და სხვა დაჯავშნილი მანქანები, ჩამოაგდო სამი თვითმფრინავი და გაანადგურა იარაღის ოთხი დეპო. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, რუსეთი მთელი უკრაინის მასშტაბით სულ უფრო ხშირად უტევს იარაღის ქარხნებს, რკინიგზას და სხვა ინფრასტრუქტურას, რათა დაასუსტოს უკრაინის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს მასშტაბურ სახმელეთო იერიშს ქვეყნის აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG