ადგილობრივი მედიის ცნობით, პაკისტანის ახალმა მთავრობამ 19 აპრილს შესაბამისი ფიცი დადო და ახლა დამტკიცებულად ითვლება. ახალი კაბინეტი, რომელსაც მოკავშირე პოლიტიკური პარტიების წევრები შეადგენენ, დამტკიცდა კვირაზე ცოტა მეტ დროში მას მერე, რაც პაკისტანის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია შეჰბაზ შარიფი, რომელმაც გადაყენებული პრემიერი, იმრან ხანი შეცვალა.
ფიცის დადების ცერემონიაში მონაწილეობდა 31 ფედერალური და რეგიონული მინისტრი, რომლებიც შარიფის კაბინეტის წევრები იქნებიან, ცერემონიას ხელმძღვანელობდა სენატის ლიდერი სადიყ სანჯრანი. კაბინეტის მინისტრთა ცალკეული პროფილები ჯერ არ არის დაკონკრეტებული.
იმრან ხანი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა, პარლამენტმა 10 აპრილს, უნდობლობის გამოცხადებით გადააყენა, მას მერე, რაც კვირების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ოპოზიცია გამოვიდა ამგვარი კენჭისყრის ინიციატივით. მანამდე ხანი შეეცადა კენჭისყრის დაბლოკვას, პარლამენტის დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კენჭისყრის ჩატარების ბრძანება გასცა.
პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.