Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციების ფარგლებში საბერძნეთმა რუსეთის ტანკერი დააკავა


საბერძნეთის სანაპირო დაცვის თანაშრომლები ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის თანაშრომლები ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების ფარგლებში საბერძნეთმა ეგეოსის ზღვაში რუსეთის ტანკერი დააკავა. ხომალდი „პეგასი“, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, ბერძენმა სამართალდამცველებმა კუნძულ ევიას მარცხენა სანაპიროზე, საზღვაო ქალაქ კარისტოს მახლობლად იგდეს ხელთ.

საბერძნეთის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ გემის დაკავების ბრძანება ვრცელდება მხოლოდ ხომალდზე და არა იმ ტვირთზე, რომელიც მასზე იდო. „პეგასს“ აღმოაჩნდა მექანიკის პრობლემები, რის გამოც იგი ბუქსირის თანხლებით შედიოდა პელოპონესში, რათა ტვირთი სხვა გემებზე გადაეტანათ, მაგრამ მღელვარე ზღვამ აიძულა ის გეზი კარისტოსკენ აეღო.

ევროკავშირმა, რომლის წევრიც საბერძნეთია, ფართო სპექტრის სანქციები დაუწესა მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის გამო. სანქციებმა დიდი ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას და აიძულოს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შეწყვიტოს საომარი მოქმედება.

სანქციები, კერძოდ, შეეხება საქონლის ფართო სპექტრის ექსპორტსა და იმპორტს და ასევე ევროკავშირის პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვას.

XS
SM
MD
LG