ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) მიიღო გადაწყვეტილება, სხვა ქვეყანაში გადაიტანოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო. ფედერაციაში ახსნეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ჰოკეისტების, ოფიციალური პირების, მედიისა და ქომაგების უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე. ტურნირის გამართვის ახალ ადგილს მოგვიანებით გამოაცხადებენ.
მანამდე IIHF-მა რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აუკრძალა „საგანგებო შეტყობინებამდე“. გარდა ამისა რუსეთს ჩამოართვეს 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვის უფლებას. ის ნოვოროსიისკსა და ომსკში უნდა ჩატარებულიყო.
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ სპორტული ფედერაციების უმრავლესობამ რუსეთის სპორტსმენები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს. კერძოდ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებ გუნდს აეკრძალა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები კი გაირიცხნენ ევროპის მთავარი ტურნირებიდან - ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპის ლიგიდან.
სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სპორტის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „სპორტსმენების გარიცხვამ არა მხოლოდ სპორტის მთავარი პრინციპი დაარღვია, არამედ ღიად და ცინიკურად დაირღვა ადამიანის უფლებები“. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, „ჩვენს ათლეტებს დისკრიმინაცია გაუწიეს მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით - მათი მოქალაქეობისა და ეროვნების გამო, რაც არ შეესაბამება ოლიმპიზმისა და პარალიმპიზმის პრინციპებს“.