ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში მზად არის მხარში დაუდგეს უკრაინას მაშინაც, თუ კონფლიქტი წლების განმავლობაში გაგრძელდება.
„მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერსპექტივისთვის... სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ომი თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს“, - თქვა სტოლტენბერგმა 28 აპრილს ბრიუსელში, ახალგაზრდობის სამიტზე და დასძინა, რომ ალიანსი დაეხმარება კიევს არმიის მოდერნიზებაში, საბჭოთა შეიარაღების თანამედროვე დასავლური აღჭურვილობით შეცვლაში.
აშშ-მა, ნატოს უმსხვილესმა წევრმა უკვე მიაწოდა უკრაინას სამი მილიარდი დოლარის საფასურის იარაღი რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ოფიციალურად უნდა მიმართოს კონგრესს თხოვნით, რათა გამოყოს მილიარდობით დოლარი დამატებითი ხარჯების სახით, რაც უნდა მოხმარდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებას და მისი ეკონომიკის გაძლიერებას.
სტოლტენბერგმა 28 აპრილს ევროპის პარლამენტში შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა აჩვენა ალიანსს, რომ საჭიროა დახმარების გაწევა საქართველოსა და მოლდოვისთვისაც: „ლაპარაკია პრაქტიკულ დახმარებაზე, ლაპარაკია პოლიტიკურ დახმარებაზე. საქართველო ძალიან ძვირფასი პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ჩვენ შევისწავლით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა კიდევ უფრო დავახლოვდეთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთი ნაწილიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.