Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშ ზემანი: უკრაინაში ომის დაწყება რუსეთისთვის იქნება „პოლიტიკური, ეკონომიკური და რეპუტაციული დასასრული“


მილოშ ზემანი
მილოშ ზემანი

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა „სიგიჟე“ უწოდა კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების თაობაზე და განაცხადა, რომ რუსეთისთვის ამ მოქმედებების შედეგი იქნება „პოლიტიკური, ეკონომიკური და რეპუტაციული დასასრული“. მისი სიტყვებით, რუსეთის ხალხის ინტერესების პოზიციიდან უკრაინაზე თავდასხმაზე უარესს ვერაფერს მოიფიქრებდნენ.

ზემანის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ქვეყანა „უარს ამბობს შემდგომში საკუთარ არსებობაზე“, ვინაიდან ნატოს ქვეყნები საპასუხო დარტყმებს განახორციელებდნენ.

ზემანის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დანაშაული ჩაიდინა მშვიდობის წინაშე, რაც სამხედრო დანაშაულის სინონიმია“. ჩეხეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთადერთი დადებითი მომენტი, რაც მოიტანა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, არის ის, რომ რუსეთის ფედერაციის ფარგლებს მიღმა ბევრს გაუქარწყლდა ილუზია რუსეთის არმიის არაჩვეულებრივი ძალისა და მომზადების შესახებ.

ეს განცხადებები ზემანმა გააკეთა ჩეხეთის ტელეარხ CNN Prima News-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, პუტინი რუსეთისა და მისი არმიის ძლევამოსილების ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდა და ირაციონალურად მოქმედება დაიწყო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ზემანი კრემლის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა ევროპელ პოლიტიკოსთა შორის. ახლა ის ამბობს, რომ ომის დაწყების გამო შეიცვალა პოზიცია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მან უკვე რამდენჯერმე გააკრიტიკა მოსკოვის ქმედებები. ბევრმა კომენტატორმა მიაქცია ყურადღება მის მკვეთრ ტონს 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის დაწყებისას. მაშინ ზემანმა პუტინს „შეშლილი“ უწოდა და თქვა, რომ „აუცილებელია მისი იზოლირება“. ჩეხეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებსაც განსაკუთრებით მკვეთრი დამოკიდებულება აქვთ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების მიმართ.

XS
SM
MD
LG