ერევანში დაკავებულია ოპოზიციის მიერ ორგანიზებული „დაუმორჩილებლობის აქციის“ 189 მონაწილე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება ერევნის პოლიციაზე დაყრდნობით. ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაკავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს.
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „აიასტან“-ის წევრმა, ვიცე-სპიკერმა იშხან საგატელიანმა პოლიციელები დაადანაშაულა უხეში ძალის გამოყენებაში, მათ შორის, დეპუტატების წინააღმდეგ. საგატელიანმა ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად, "ბრძოლას ვერ შეაჩერებენ და პროცესი ხალხის მოთხოვნით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს".
დღეს, 2 მაისს, დილიდან ოპოზიციამ ერევანში დაიწყო წინა საღამოს გამოცხადებული „დაუმორჩილებლობის აქცია“ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევნის ცენტრალური ქუჩები და მოედნები გადაკეტეს. გზების გასახსნელად მობილიზებული იყო პოლიცია. შუადღის შემდეგ, ერევნის პოლიციამ განაცხადა, რომ ყველა გზა უკვე გახსნილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგა.
სომხეთში საპროტესტო აქციები აპრილიდან მიმდინარეობს. 1 მაისს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევანში, საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ 2 მაისიდან "დაუმორჩილებლობის აქციებს" იწყებენ.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთისგან ელოდება მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოთხოვნების თამასის დაწევას.
ოპოზიციისთვის მიუღებელია აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსი. ფაშინიანის ოპონენტები აცხადებენ, რომ სომხეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა უახლოეს ხანში გამოიწვევს მთავრობის დამხობას. თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვს.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის არაერთ რაიონზე.