საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია.
"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის", - აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერის ამ მილოცვის განცხადებაში არაფერია ნათქვამი 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობის შესახებ. ამ დღეს, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით ქალაქის ქუჩებში სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. ამ ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეების ნაწილი ამ დრომდე არ არის დაკავებული, არ არიან დაკავებული არც ამ ძალადობის ორგანიზატორები.