Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მონაცემებით, მარიუპოლიდან ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი


მარიუპოლიდან ევაკუირებული ქალები და ბავშვები ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 2 მაისი
მარიუპოლიდან ევაკუირებული ქალები და ბავშვები ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 2 მაისი

გაეროს და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მიერ ორი უსაფრთხო დერეფნით ქარხანა „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან წარმატებით ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი. ამის შესახებ დღეს, 6 მაისს ტვიტერზე წერს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

გუტერეშს იმედი აქვს, რომ მოსკოვსა და კიევთან შემდგომი კოორდინაციით ისევ მიაღწევენ ჰუმანიტარულ პაუზას, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო პირების უსაფრთხოდ გაყვანას.

„ევაკუაციის რთული ოპერაციის მორიგი ეტაპის“ შედეგად, მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“ თითქმის 500 მოქალაქის გაყვანის შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკიც და მადლობას გაეროს უხდის.

კონკრეტულად როდის მოხდა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია, არც ერმაკის და არც გუტერეშის ოფიციალურ შეტყობინებებში მითითებული არ არის.

დღეს დილამდე ცნობილი იყო, რომ ბოლო დღეებში, გაერომ და "წითელმა ჯვარმა" ორ ეტაპად შეძლეს მარიუპოლიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია. მათ შორის ბავშვების, ქალების და მოხუცების, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ მეტალურგიული კომბინატის, "აზოვსტალის" გვირაბებს.

უკრაინის ხელისუფლების და მარიუპოლის დამცველი სამხედროების ინფორმაციით, რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა 3 მაისიდან განაახლეს ინტენსიური საჰაერო და სახმელეთო შტურმი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას უწოდებს არა შტურმს, არამედ "საცეცხლე წერტილებზე უკრაინელი სამხედროების გასვლის მცდელობის აღკვეთას". რუსეთი "აზოვსტალში" მყოფი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას.

რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქცია უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, მარტის დასაწყისში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG