Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტქი სათემო ორგანიზაციები 17 მაისის შესახებ განცხადებას ავრცელებენ


ლგბტქი სათემო ორგანიზაციები - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", „თანასწორობის მოძრაობა", „იდენტობა იუს" და „თემიდა" 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ამ დღეს ქუჩაში გამოსვლით, ლგბტქი აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები, წლების განმავლობაში ვცდილობდით საჯარო სივრცეში დაგვეყენებინა ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხი, გვემხილებინა ამ ჩაგვრის მაწარმოებელი სისტემა, და მის წინააღმდეგ სამოქალაქო სოლიდარობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობა გაგვეჩინა.

თუმცა, ბოლო დეკადის მანძილზე ჩვენი ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ", - ვკითხულობთ ლგბტქი სათემო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიუთითებენ, როგორაა გადაჯაჭვული სოციო-ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრა და იმ უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელთა მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებით მათ წარმოუდგენიათ ნებისმიერი ნიშნით ჩაგრული ჯგუფების გათავისუფლება. ესენია: უფლება ღირსეულ სამუშაოზე; უფლება ღირსეულ ჯანდაცვაზე; უფლება საცხოვრისზე; უფლება განათლებაზე; უფლება უსაფრთხოებაზე.

„და ბოლოს უფლება საჯარო სივრცეზე - მართალია ლგბტქი ადამიანები ის სოციალური ჯგუფია, რომელსაც ყველაზე მეტად ეზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ისიც ნათელია, რომ არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი საზოგადოება დღითიდღე ვკარგავთ საჯარო სივრცეებს, თავშეყრის ადგილებს, პარკებს, მოედნებსა თუ ტყეებს, რომლებიც ინტენსიურად იქცევა პრივატიზებისა და ერთეულთა ეკონომიკური მოგების სამიზნედ.

მხოლოდ იმის გაცნობიერებით და სახელდებით, თუ როგორ, რატომ, ვის და რის მიერ გვაქვს ეს უფლებები წართმეული, შევძლებთ, დავინახოთ ჩვენი საერთო თუ განსხვავებული წუხილების საერთო საფუძველი, და გავაღვივოთ რეალური საზოგადოებრივი სოლიდარობა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG