Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად წარადგინეს ნატოს წევრობის განაცხადები


ნატოში ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა (მარცხნივ) და შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნჰოფმა (მარჯვნივ) ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი გადასცეს
ნატოში ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა (მარცხნივ) და შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნჰოფმა (მარჯვნივ) ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი გადასცეს

დღეს, 18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში ერთად შეიტანეს ამ ორგანიზაციაში გაწევრების ოფიციალური განაცხადები.

გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დოკუმენტები ნატოს შტაბ-ბინაში გადასცეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა და შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნჰოფმა.

განაცხადების ოფიციალურად მიღების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა. "ეს კარგი დღეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს", - დაწერა ტვიტერზე იენს სტოლტენბერგმა.

ევროკავშირის წევრმა ფინეთმა და შვედეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. ალიანსში მათ მიღებას ნატოს 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე უარყოფითი პოზიცია აქვს თურქეთს. პრეზიდენტი ერდოანი უკმაყოფილოა ფინეთის და შვედეთის პოლიტიკით ქურთების გასამხედროებული დაჯგუფებებისადმი, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

ნატოში შესვლის შესახებ ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის კარგი ამბავი უწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა. მან 17 მაისს ბრიუსელში განაცხადა, რომ ეს იქნება იმის საწინააღმდეგო, რისი მიღწევაც პრეზიდენტ პუტინს სურდა, რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების შეჩერებას ცდილობდა, დღეს კი, სრულიად საპირისპირო ხდება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 16 მაისს განაცხადა, რომ ფინეთის და შვედეთის ხარჯზე ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან პრობლემა არ აქვს, თუმცა, ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოებას რუსეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG