Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ძალისხმევას


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ფინეთის და შვედეთის ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების თაობაზე რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე და თქვა, რომ აშშ ფხიზლად მიადევნებს თვალს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას.

"გულითადად მივესალმები და მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთის და შვედეთის ისტორიული მნიშვნელობის განაცხადებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და მოუთმენლად ველი აშშ-ის კონგრესთან და ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად შემოვიდნენ ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში", - ამბობს ბაიდენი 18 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ბაიდენის განცხადება მოჰყვა ფინეთის და შვედეთის მხრიდან ნატოში ოფიციალური განაცხადების შეტანას გაწევრიანების თხოვნით, რაც ამთავრებს მათ ხანგრძლივ ნეიტრალიტეტს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეული მზარდი შეშფოთების ფონზე.

ორი ჩრდილოელი ქვეყნის ნაბიჯს უფრო ადრე ბრიუსელში მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

"განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატოსკენ თქვენს გზაზე", - თქვა სტოლტენბერგმა.

შვედეთიც და ფინეთის ევროკავშირის წევრები არიან, ფინეთს რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს.

თურქეთი ალიანსის ერთადერთი წევრია, რომელმაც ღიად გამოხატა წინააღმდეგობა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ფინეთმა და შვედეთმა მეტი პატივისცემა უნდა გამოავლინონ თურქეთის სატკივარზე, რომელიც ტერორიზმს უკავშირდება. ერდოანი უარს ამბობს დათმობაზე წავიდეს, მისი თქმით, ამ ქვეყნების მხრიდან ქურთი ექსტრემისტების მხარდაჭერის გამო. ერდოანი ფინეთს და შვედეთს ადანაშაულებს თვალის დახუჭვაში აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მოქმედებების მიმართ - იმის მიუხედავად, რომ ეს ჯგუფი ევროკავშირის ანტიტერორისტულ შავ სიაშია შეყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG