Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ რუსული "ზადირა" შეადარა ნაცისტური გერმანიის "ვუნდერვაფეს"


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 12 მაისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 12 მაისი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის სრული მარცხის დასტურად მიიჩნევს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინაში დაიწყეს ახალი თაობის ლაზერული იარაღის გამოყენება ძვირადღირებული რაკეტების ეკონომიის მიზნით. 18 მაისს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ „მათ მოუწიათ რაკეტების ეკონომია და ამის რაღაცით ახსნა“ და გამოდის, რომ ორი ათასზე მეტი რაკეტა, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში უკვე გამოიყენა, მარაგის ძირითადი ნაწილი იყო. ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიამ რაკეტების უმეტესობა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად დახარჯა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდას ჰქონდა ტერმინი „ვუნდერვაფე“ - სასწაულმოქმედი იარაღი და რაც უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ნაცისტებს ომში გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ, მით უფრო ხშირად იყო პროპაგანდისტული საუბარი საოცარ იარაღზე, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ომში გარდატეხას შეიტანდა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის მესამე თვეს, რუსეთი ცდილობს მოძებნოს თავისი „ვუნდერვაფე“ - თითქოსდა, ლაზერული იარაღი, რაც მეტყველებს რუსეთის შეჭრის სრულ მარცხზე და იმაზეც, რომ ეშინიათ უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო დონეზე კატასტროფული შეცდომების აღიარება: „ამიტომ, მოიგონებენ კიდევ არაერთ ვუნდერვაფეს, სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა ჩვენი დამცველი ნაბიჯ-ნაბიჯ გაათავისუფლებს ჩვენს მიწას".

18 მაისს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანიის, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში დაიწყეს ახალი თაობის საბრძოლო, ლაზერული კომპლექსის, „ზადირას“ პირველი ნიმუშების გამოყენება. ბორისოვის მტკიცებით, ამ ლაზერულ იარაღს მიზნის განადგურება შეუძლია ხუთი კილომეტრის მანძილზე. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია-ნოვოსტი" წერს, ბორისოვმა ამ იარაღზე ილაპარაკა საზოგადოება „ცოდნის“ მიერ ორგანიზებული მარათონის დროსაც და თქვა, რომ ლაზერული კომპლექსები საჭიროა, რათა არ დახარჯონ ძვირადღირებული რაკეტები, „პანცირი“ და „ტორი“.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, განსაკუთრებით აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG