Accessibility links

site logo site logo

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასახელებს "აზოვსტალიდან ტყვედ ჩაბარებულთა" რიცხვს


"აზოვსტალის" დამცველები ავტობუსებით მიჰყავთ უკრაინის დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 2022 წლის 17 მაისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუს სამხედროებს „ტყვედ ჩაბარდა“ მარიუპოლის „აზოვსტალში“ მყოფი 771 „ბოევიკი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა, დღეს, 19 მაისს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 771-ივე „ნაციონალისტური ქვედანაყოფის, აზოვის ბოევიკია“. კონაშენკოვის თანახმად, 16 მაისიდან, „ტყვედ ჩაბარდა“ ქარხანა „აზოვსტალში“ მყოფი 1730 „ბოევიკი“, მათ შორის, 80 დაჭრილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მტკიცებით, მათ, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, დახმარებას უწევენ ნოვოაზოვსკის და დონეცკის სამედიცინო დაწესებულებებში. რუსეთის ოფიციალური მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინის ხელისუფლება „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაყვანილი მებრძოლების რიცხვს არ ასახელებს, მათთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მოტივით.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად 16 მაისს, ღამით განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან დაიწყო უკრაინელი მებრძოლების "ევაკუაცია", რადგან გარნიზონმამარიუპოლმაშეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამაზოვსტალშიმყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა.

სააგენტო Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით, 18 მაისს წერდა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების ნაწილი გადაიყვანეს დონეცკის ოლქის სოფელ ოლენივკაში მდებარე საპატიმროში. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, რუს სამხედროებს ოკუპირებულ სოფელ ოლენივკაში, ყოფილი კოლონიის ადგილზე გახსნილი აქვთ საფილტრაციო ბანაკი“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინელი სამხედროების დაკითხვას აპირებს "უკრაინის რეჟიმის დანაშაულთა" გამოძიების ფარგლებში.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავის მებრძოლებს რუს ტყვეებში გაცვლის. ამას ეწინააღმდეგებიან რუსეთის დუმაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო, პრორუსული ხელისუფლება კი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები უნდა გასამართლდნენ.

"აზოვსტალის" დამცველთა შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების, მესაზღვრეების, პოლიციელების და მოხალისეების გარდა, არიან პოლკ "აზოვის" მებრძოლები. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს, უზენაეს სასამართლოს მიმართა, "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" ტერიტორია რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. 16 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თავისი გმირები ცოცხალი სჭირდება, ამიტომ, უკრაინელი სამხედროების, მზვერავების და საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით დაიწყო მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე. მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა და საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა 20 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მარიუპოლში უმძიმეს პირობებში რჩება 100 ათასზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG