Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუდა კიევს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში, "ვერხოვნა რადის" წინაშე გამოსვლისას. 22 მაისი, 2022 წელი
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში, "ვერხოვნა რადის" წინაშე გამოსვლისას. 22 მაისი, 2022 წელი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კიევში სტუმრობისას სიტყვით მიმართა უკრაინის პარლამენტს - "ვერხოვნა რადას".

დუდა პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც უკრაინელი კანონმდებლების წინაშე გამოვიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას რუსეთთან ომში და დაჰპირდა კიევს, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის.

პოლონეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან დათმობის მომხრე არიან. „ბუჩის, ბოროდიანკის, მარიუპოლის შემდეგ რუსეთთან შეუძლებელია საქმის დაჭერა, ბატონო პრეზიდენტებო და პრემიერებო“, - თქვა დუდამ შეკრებილი დეპუტატების წინაშე, როცა უკრაინის ის ქალაქები ჩამოთვალა, რომლებიც რუსეთის სამხედროების სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, „თავისუფალ სამყაროს ახლა უკრაინის სახე აქვს“. დუდას სიტყვებით, ევროპაში ისმის ხმები, რომ უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს. ამ ქვეყნის გარდა, არავინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მომავალზე და უკარნახოს მშვიდობის პირობები მას, თქვა მან.

პარლამენტში გამართულ სხდომას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს კანონპროექტს უკრაინაში პოლონელი მოქალაქეების განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის შესახებ. დუდამ, თავის მხრივ, შესთავაზა კიევს მეგობრობის და თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაფართოებას. თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მეზობელმა პოლონეთმა ყველაზე მეტი, 3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG