Accessibility links

site logo site logo

ერევანში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს


დემონსტრანტების დაკავება 30 მაისის აქციაზე ერევანში

დღეს, 30 მაისს, ერევანში ოპოზიციის მომხრე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. მოხდა შეხლა-შემოხლაც, რომლის დროსაც, სომხეთის პოლიციის ცნობით, დაშავდა სამი პოლიციელი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს დილით ოპოზიციური გაერთიანება "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრებმა ერევნის ცენტრში, მთავრობის შენობასთან მოაწყვეს მსვლელობა. მარშის სათავეში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას და იმ მინისტრებთან შეხვედრას ცდილობდნენ, რომლებიც, მათი თქმით, ვალდებული არიან გამოხატონ თავიანთი პოზიცია მთიანი ყარაბაღის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკასთან და ამავე საკითხზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ განცხადების პროექტთან დაკავშირებით.

პოლიციამ ოპოზიციონერ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები სომხეთში აპრილიდან იმართება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ, თითქოს, იგი აპირებს აზერბაიჯანთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ბაქოს სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში 2018 წელს ქვეყნის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღაზე მოვიდა. 2021 წელს ვადამდელი არჩევნების შედეგად, მან შეინარჩუნა ხელისუფლება. ამავე დროს, ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სომხეთმა მარცხი განიცადა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიების გამო აზერბაიჯანთან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში.

2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში სექტემბრიდან განახლებული ინტენსიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG