პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არასდროს გამოუხატავს საქართველოს პარლამენტთან ჩართვის სურვილი. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის იმ კომენტარის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საკითხს შეეხებოდა.
"ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოთქვამს სურვილი, რომ პარლამენტს ჩართვოდა. თუ ყველას კარგად გახსოვთ, ეს გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" იდეა. არ ვიცი, ეს საკითხი საიდან დადგა, არ ყოფილა არცერთი მომენტი, როცა მას ჰქონდა ასეთი სურვილი გამოთქმული", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 2 ივნისს თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ.
"არავინ არ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება [უკრაინის მიმართ]. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, 17 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან "ლელომ" გააჟღერა ინიციატივა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისთვის მიეწვიათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამ ინიციატივას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, იწონებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, "გირჩი" და "საქართველოსთვის". საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის ეს წინადადება არ გაიზიარა.