Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი "TV პირველის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხდება


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი "TV პირველის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. ის ამ დრომდე იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან". დეპუტატის მანდატი ზაალ უდუმაშვილს დღეს, 9 ივნისს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდა.

საინფორმაციო გამოშვებას უდუმაშვილი ორშაბათიდან, 13 ივნისიდან წაიყვანს.

"ზაალ უდუმაშვილი იქნება არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად იმუშავებს ერთ-ერთ მენეჯერულ პოზიციაზე. დეტალებს თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი იტყვის.

ბევრი წლის შემდეგ ზაალ უდუმაშვილი დაუბრუნდება იმ საქმეს, რასაც აკეთებდა და იყო საინფორმაციო გამოშვების ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო წამყვანი... ერთი წუთი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავისთვის მისი კომპეტენცია, როგორც საინფორმაციო წამყვანის და როგორც მენეჯერის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შემოერთებით ჩვენი ტელევიზია უფრო გაძლიერდება და დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ მას", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ მელაძემ, არხის მთავარმა პროდიუსერმა.

ზაალ უდუმაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებისა და მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ 29 მაისს განაცხადა.

"დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი."

ზაალ უდუმაშვილი წლების განმავლობაში იყო "რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად ამავე არხის გენერალური დირექტორის მოადგილე. მან "რუსთავი-2" 2017 წლის 19 ივნისს დატოვა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" იგი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

"ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ...

ქვეყანას მთავარი ბრძოლა ჯერ წინ აქვს და ვაპირებ, რომ თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო. და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმი", - თქვა მაშინ მაყურებელთან დამშვიდობებისას ზაალ უდუმაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG