Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სანქციები დაუწესა ბრიტანეთის მედიისა და სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლებს


BBC-ის შტაბბინა ლონდონში
BBC-ის შტაბბინა ლონდონში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს გამოაცხადა, რომ სანქციების სიაში არიან შეყვანილი ბრიტანელი მედიის მენეჯერები და ჟურნალისტები, ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლები.

როგორც სამინისტროს ცნობაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მიღებულია მანამდე ლონდონის მიერ რუსეთის „წამყვანი ჟურნალისტებისა“ და თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელთა მიმართ სანქციების დაწესების საპასუხოდ.

კერძოდ, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ BBC-ის მთავარ რედაქტორ ტიმოთი დეივის, ბრიტანეთის უდიდესი გაზეთების მთავარ რედაქტორებს, კორესპონდენტებსა და კომენტატორებს, რომლებიც აქტიურად წერენ რუსეთის შესახებ. მათ შორის არიან შონ უოკერი, ლიუკ ჰარდინგი და მარკ გალეოტი.

„სიაში შესული ბრიტანელი ჟურნალისტები თანამონაწილეები არიან რუსეთის შესახებ და უკრაინასა და დონბასში ვითარების შესახებ ყალბი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებისა. თავიანთი მიკერძოებული შეფასებებით ისინი ხელს უწყობენ ბრიტანეთის საზოგადოებაში რუსოფობიის გაღვივებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მაისის დამდეგს ლონდონმა შეზღუდვები დაუწესა რუსეთის ათობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რამდენიმე მედიასაშუალებასა და ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, მაშინვე ბრიტანეთის ხელისუფლებამ, რომელსაც მანამდე უკვე აკრძალული ჰქონდა მაუწყებლობა RT-სა და Sputnik-ისთვი, გადაწყვიტა, აეკრძალა წვდომა მათ საიტებზე, სოცქსელების ანგარიშებზე და საინტერნეტო აპლიკაციებზე.

XS
SM
MD
LG