„მედია ევროპული არჩევანის დასაცავად“ - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, შვიდი მედიასაშუალების გაერთიანებული ეთერი მიმდინარეობს.
ერთობლივი გადაცემის პირდაპირ ეთერს გადასცემენ ტელეკომპანიები „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“ და ონლაინგამოცემები „ნეტგაზეთი“, „ონ.ჯი“ და „პუბლიკა“.
"ქართული მედია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იდგა ყოველთვის აქ, რუსთაველზე. ის აშუქებდა მოვლენებს, ის გიყვებოდათ იმას, რაც ხდებოდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. ის გიყვებოდათ სამი წლის წინაც, როცა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც გამოვიდნენ ანტირუსულ აქციაზე, დაარბიეს სასტიკად. მე ვიდექი აქ და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ უსწორდებოდა დაუნდობელი ძალა საქართველოს მოქალაქეებს და როგორ ცდილობდა მათ გატეხას. და ეს ვერ მოხდა. ვერ მოხდა ვერც 5 ივლისს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის, მედიას, გაუსწორდნენ ფიზიკურად და პირდაპირ დასახოცად მოსდევდნენ ხელისუფლების დაქირავებული ჯგუფები. და თქვენ როგორც ხედავთ, ჩვენ არ მოვმკვდარვართ და ჩვენ ვართ კვლავ აქ, რუსთაველზე და ეს ყოველთვის ასე იქნება, როდესაც დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ხვალ სრულდება სამი წელი გავრილოვის ღამიდან, როდესაც ჩვენ სიმბოლურად და პრაქტიკულადაც რუსი ოკუპანტი გავაგდეთ რუსთაველის პროსპექტიდან და საქართველოდან. მაგრამ ხვალ ასევე არის ძალიან პრაქტიკული დღე, როდესაც იწყება პროცესი, სადაც საქართველოს მოქალაქე გამოვა წინა ხაზზე და იტყვის, რომ ის არ დათმობს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ჩვენ, მედია, რა თქმა უნდა, ვიქნებით საქართველოს მოქალაქის გვერდით", - ამ სიტყვებით გახსნა გაერთიანებული ტელეეთერი ტელეკომპანია "ფორმულის" წამყვანმა და ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
ერთობლივი გადაცემა წინ უძღვის 20 ივნისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას „შინ ევროპისკენ“, რომელიც თბილისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ევროპის რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
აქცია მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს 20 საათზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ.
„საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 20:00-ზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი“, - წერია აქცია-მსვლელობის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის გარდა, 20 ივნისს მოქალაქეები შეიკრიბებიან ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში.
აქციები გაიმართება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდება მისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის (ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის - პერსპექტივასთან ერთად, კანდიდატის სტატუსის) მინიჭებაზე გამოცხადდება ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები.
17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ თორმეტი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.