Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ 20 ივნისის აქციის შეფასებაზე: ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“


ანა ნაცვლიშვილი, პარტია "ლელოს" დეპუტატი
ანა ნაცვლიშვილი, პარტია "ლელოს" დეპუტატი

პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართა, ჩამოყალიბდნენ 20 ივნისის აქციის მხარდამჭერთა შეფასებებთან დაკავშირებით.

ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“. გუშინ ამბობდით, რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო. რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით, რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო. არც თქვენია ეს ხალხი, არც სხვა რომელიმე პარტიის, ეს ხალხი არის საქართველოს ევროპელი მოქალაქეები - მათ გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო არის მოქალაქე. თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი და იღებს პასუხისმგებლობას თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა. ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი და უბადრუკი „მესიჯბოქსით“ დღეს. პირველად ვხედავ ასე ცხადად, რას ნიშნავს ქართული გამოთქმა: „შიშს დიდი თვალები აქვსო.“ დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტულიც სცოდნიათ შეშინებულ ადამიანებს. დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზება, ვწეროთ რეფორმები. რას აკეთებდით მთელი 1 წელი, როდესაც საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა?! შარლ მიშელი თავისი ფეხით ჩამოვიდა, რომ დასრულებული პოლარიზაცია“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მაშინ დაიწყო ფიქრი, როდესაც „ურემი გადაბრუნდა.“

ერთი კვირის წინ ამტკიცებდით, რომ საოცარი რეფორმები გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი ხუთიანზეა შესრულებული და უნდა მივიღოთ სტატუსიო, მაგრამ როდესაც ჩამოვიდა ძალიან მძიმე დიაგნოზი საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, მერე თქვით, რომ რაღაცები გასაკეთებელი ყოფილა“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

დღეს, 21 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებად "ბაკურიანის გეგმის" განმახორციელებლები დაასახელა, მონაწილეებად კი ხალხი, ვისაც ევროინტეგრაცია სურს

პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანმა კი თქვა, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ.

აქციამდე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, ამბობდნენ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო.

"ეს [დღევანდელი] აქცია არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან", - თქვა კალაძემ.

20 ივნისს, " თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.

აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე, წაიკითხეს მანიფესტი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, 2022 წლის 24 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება.

შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, "ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე". მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.

XS
SM
MD
LG