რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირი, ნატოსთან ერთად, დაკავებულია რუსეთთან საომარი კოალიციის შექმნით.
"ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი როგორმე გაიფანტება ან, სიმართლე გითხრათ, შეიცვლება გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა ლავროვმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპელების მიერ არჩეული გზა ჰგავს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს, როდესაც ჰიტლერმა "თავისი დროშების ქვეშ" თავი მოუყარა თუ დიდს არა, ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად. "აი, ახლაც, მათ შორის ევროკავშირი, ნატოსთან ერთად, აგროვებენ ასეთ თანამედროვე კოალიციას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, უფრო ზუსტად, საომრად. ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ყურადღებით შევხედავთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ევროკავშირის სამიტის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლითაც უკრაინამ, ისევე როგორც მოლდოვამ, ამ კვირაში ევროპულ ბლოკში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, რადგან, ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება.
უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც უკვე ძალიან დაბალ დონეზე იყო, მკვეთრად გაუარესდა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დააწესეს მკაცრი სანქციების რამდენიმე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რამაც გავლენა მოახდინა მსხვილ ბანკებზე, საავიაციო ინდუსტრიაზე, თავდაცვის სექტორზე, ბევრ ოფიციალურ პირზე და პოლიტიკოსზე - მათ შორის, პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, ასევე მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებსა და მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ.