Accessibility links

site logo site logo

როდის დაიწყება მეტროს სადგურ "ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები, ზუსტი თარიღი უცნობია


მეტროსადგური ვარკეთილი

ჯერ ისევ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროს სადგურ "ვარკეთილში". რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ კონტრაქტორი კომპანია ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კომპანია, რომელმაც მეტროს სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაატაროს, ტენდერით გამოავლინა. მასთან 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის მაისში დაიდო, სამუშაოების დასასრულებლად კი 18 თვე აქვს.

რეაბილიტაციის შემდეგაც არ გარემონტდება მეტროს შესასვლელამდე მისასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელები - სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს ეს ნაწილი მათ დაქვემდებარებაში არ არის.

"ვარკეთილის" მეტროსადგურამდე მისასვლელი ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის.
"ვარკეთილის" მეტროსადგურამდე მისასვლელი ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის.

განახლებული მეტროსადგური სრულად ადაპტირებული არ იქნება შშმ პირებისთვის. ეტლით მოსარგებლეებს კვლავ ბარიერების გადალახვა მოუწევთ მეტროში ჩასასვლელად.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება:

  • მეტროს ინტერიერის იატაკი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით - იცვლება კერამიკული ფილებით;
  • კედლებზე გაკრული ქვის საფარი კერამიკული ფილებით შეიცვლება, ზოგან კი შეიღებება;
  • ჭერზე აზბოცემენტის ფილები შეიცვლება ცეცხლგამძლე ცემენტის ფილებით;
  • ინტერიერში განახლდება და შეიცვლება განათებები;
  • კედლებზე განთავსდება საათი, ქვედა დარბაზში დაიდგმება ნახევარწრის ფორმის სკამები; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ შეიცვლება;
  • განახლდება ე.წ. საევაკუაციო კიბე, რომელიც ბაქანს გარე სივრცესთან აკავშირებს.

ჯერ არ არის ცნობილი, რეაბილიტაციის პროცესში შეაჩერებს თუ არა მეტროსადგური მუშაობას.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა დავით ნარმანიას მერობის დროს. ჭერის ჩამონგრევამდე წლითა და ოთხი თვით ადრე, თბილისის მერი ამბობდა, რომ "მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა".

სადგური კომპანია შპს "ყვარელმშენმა" გაარემონტა და ამისთვის 350 ათასი ლარი მიიღო. მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევიდან ხუთ თვეში, კომპანიის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG