Accessibility links

site logo site logo

ბორის ჯონსონი გამოდის გაფრთხილებით: ნუ აიძულებთ კიევს, დასთანხმდეს „ცუდ ზავს“


ფოტო არქივიდან: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოინახულეს რუსეთის განადგურებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა კიევში. 7ივნისი, 2022 წელი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში, განაცხადა, რომ შიშობს, ზეწოლა არ მოხდეს კიევზე, რათა აიძულონ ის, დასთანხმდეს მოსკოვთან „ცუდი ზავის“ დადებას. ასეთი ნაბიჯი მოიტანდა ხანგრძლივ გლობალურ კატასტროფას.

„ძალიან ბევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ეს ევროპის ომია, რომელიც არაა საჭირო... ამიტომ ზეწოლა გაიზრდება, რათა წააქეზონ, შეიძლება, აიძულონ უკრაინა, დასთანხმდეს ცუდ ზავს“, - განაცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუანდის დედაქალაქ კიგალიში, სადაც „ერთა თანამეგობრობის“ სამიტი იმართება. ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს რომ ნება დავრთოთ, თავისას მიაღწიოს უკრაინაში, საშიში იქნებოდა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და მიგვიყვანდა ხანგრძლივ ეკონომიკურ კატასტროფამდე. ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინელები ომში გაიმარჯვებენ. „ეს მათი ქვეყანაა, ისინი მისთვის თავდადებით იბრძვიან და შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ“.

ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა არ არის დრო, წავაქეზოთ უკრაინელები, დადონ მოსკოვთან „ცუდი ზავი“, რისთვისაც მათ სთავაზობენ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობას. ჯონსონმა გაიმეორა, რომ ეს იქნებოდა კატასტროფა და პუტინის მხრიდან მისთვის სასურველ მომენტში ესკალაციის ახალ ტალღას გამოიწვევდა. ჯონსონის განცხადების ფონზე, უკრაინის არმია ცდილობს, შეაკავოს რუსეთის ჯარის იერიში ქვეყნის აღმოსავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG