Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის 3 დიდი ქალაქის მერებს "ყალბი კლიჩკო" დაუკავშირდა


ფოტო არქივიდან: ვიტალი კლიჩკო Associated Press-თან ინტერვიუს დროს. 27 თებერვალი, 2022 წელი
ფოტო არქივიდან: ვიტალი კლიჩკო Associated Press-თან ინტერვიუს დროს. 27 თებერვალი, 2022 წელი

ევროპის რამდენიმე დიდი ქალაქის მერებს უცნობი პირი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს სახელით დაუკავშირდა და ვიდეოფორმატში „აბსურდულ საკითხებზე“ ელაპარაკა. ამის შესახებ „ბილდი“ (Bild) იუწყება. გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში თავად კლიჩკო აღნიშნავს, რომ „ეს დანაშაულებრივი აქტივობა სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს“ და „აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტების უკან“.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითებმა დაურეკეს ბერლინის, მადრიდისა და ვენის მერებს. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ გერმანიამ უკვე დაიწყო საკითხის გამოძიება.

24 ივნისს ბერლინის მერმა, ფრანცისკა გიფეიმ, უპასუხა ზარს ადამიანისგან, რომელიც მას კიევის მერის სახელით წარუდგა. თუმცა, ცოტა ხანში, გიფეიმ რაღაც იეჭვა და კავშირი გაწყვიტა. მერის პრესსამსახური იტყობინება, რომ საუბრის პირველი ნაწილი იყო ჩვეულებრივი და თითქოს, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კლიჩკოს სახელით მოქმედმა პირმა მოითხოვა იმ უკრაინელ ლტოლვილებზე საუბარი, რომლებიც ბერლინში სოციალური დახმარების მიღებას ცდილობენ.

ასევე, მისი თხოვნა იყო საუბრის რუსულად, თარჯიმნის დახმარებით წარმართვა მაშინ, როცა ნამდვილი ვიტალი კლიჩკო თავისუფლად ფლობს როგორც გერმანულ, ასევე ინგლისურ ენებს. „მე არასოდეს მჭირდება თარჯიმანი“, - ამბობს კიევის მერი ინტერვიუში.

Bild-ის ცნობით, ეჭვი ასევე გამოიწვია კლიჩკოს სახელით მოქმედი პირის საუბარმა ლგბტქ+ თემის უფლებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მან იკითხა, ხომ ვერ შეძლებდა ბერლინი კიევის დახმარებას Christopher Street Day-ის მსგავსი ღონისძიების ჩატარებაში (ლგბტქ+ თემის აღლუმი) . „ეს უცნაურზე მეტი იყო მიმდინარე ომის ფონზე“, - უთხრეს მედიას ბერლინის მერის პრესსამსახურში.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ევროპის დიდი ქალაქების მერებთან საუბარს „ყალბი კლიჩკო“ ვიდეოკავშირის საშუალებით ცდილობდა და მათ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჰგავდა კიევის ნამდვილ მერს.

გაჩნდა ეჭვი, რომ გამყალბებლები იყენებდნენ „დიპფეიკის“ ტექნოლოგიას, როცა ვიდეოგამოსახულების დამაჯერებლად გაყალბებაც არის შესაძლებელი. თუმცა, Bild-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეჭვი გააჩინა თანამოსაუბრის ჩაცმულობამ. "ყალბი კლიჩკო" სვიტერში და ლაბადაში იყო გამოწყობილი, მაშინ, როცა კიევში ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია. ვარაუდობენ, რომ ვიდეო აღებული იყო კიევის მერის ძველი ინტერვიუდან, რომელიც Youtube-ზე იძებნება და აპრილის დასაწყისშია ჩაწერილი.

მადრიდის მერიაში მოგვიანებით შეამოწმეს, რომ ელექტრონული მისამართის ბოლო ნაწილი, რომელსაც უცნობი მხარე კავშირის დროს იყენებდა, არ ემთხვეოდა უკრაინის ხელისუფლების მიერ ჩვეულებრივ გამოყენებული ელექტრონული მისამართების დაბოლოებას - „gov.ua“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG