Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალები: კიევს რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტები კასპიის რეგიონიდან დაუშინა


საცხოვრებელი კორპუსი კიევში, რუსეთ სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 26 ივნისი, 2022 წელი
საცხოვრებელი კორპუსი კიევში, რუსეთ სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 26 ივნისი, 2022 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ კიევს რუსეთმა რაკეტები კასპიის ზღვის რაიონიდან ესროლა. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა თქვა უკრაინული ტელემარათონის - „ფრიდომის“ ეთერში. მისი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს მის ხელთ არსებული ყველაზე მაღალი სიზუსტისა და ფასის რაკეტები ესროლა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა ამისათვის სტრატეგიული ავიაცია გამოიყენა.

„რაკეტები, რომლებსაც გვესვრიან, ეს არის - Х-101. მას ფრენა შეუძლია 5500 კილომეტრზე. მათ [თვითმფრინავებს] ამისათვის არ სჭირდებათ ჩვენთან [უკრაინის საჰაერო სივრცეში] შემოფრენა. მათ, უბრალოდ ჰაერში აფრენა, საბრძოლო კურსზე გასვლა და რაკეტის გამოშვება სჭირდებათ“, - ამბობს იგნატი.

მისი წინასწარი ინფორმაციით, დღეს, 26 ივნისს, კიევისკენ გაუშვეს 4-6 რაკეტა. მათგან ორის განეიტრალება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა შეძლო. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელი აღნიშნავს ასევე, რომ Х-101 რუსეთის შეიარაღებაში არსებული ყველაზე მაღალი სიზუსტისა და ყველაზე ძვირი რაკეტაა.

26 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში. დაინგრა კორპუსის ზედა სამი სართული და გაჩნდა ხანძარი. საერთაშორისო მედია იტყობინება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შესახებ. გავრცელდა ცნობები ერთი დაღუპულის შესახებ.

შუადღისას მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ რაკეტა მოხვდა საბავშვო ბაღის ტერიტორიას და აღირიცხა კიდევ რამდენიმე სავარაუდო სარაკეტო დარტყმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი აფრთხილებს კიეველებს კიდევ მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების შესახებ და უსაფრთხოების ზომების ყურადღებით დაცვას ურჩევს. "დღეს მთელი დღე შეიძლება იმუშავონ კიევის მიმართულებაზე", - წერს ის ტვიტერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG