Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ ორჯერ შემცირდა რუსეთში ექსპორტი


უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ქვეყნებმა ორჯერ შეამცირეს რუსეთში ექსპორტი. იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციებს შეუერთდნენ, ექსპორტი 60%-ით შემცირდა, ხოლო იმათგან, რომლებსაც ოფიციალურად არ დაუჭერიათ მხარი სანქციებისთვის - 40%-ით. ამის შესახებ ნათქვამია პეტერსონის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ანგარიშში.

ანალიტიკოსთა დაანგარიშებით, 2022 წლის იანვარში ქვეყნებმა რუსეთში განახორციელეს 21 მილიარდი დოლარის მოცულობის ექსპორტი, აპრილში - უკვე 10,5 მილიარდი დოლარისა. ყველაზე მეტად ექსპორტი შეამცირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, მეორე ადგილზეა ჩინეთი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მისი ექსპორტი 38%-ით შემცირდა.

2021 წელს, რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში განხორციელებული მთელი იმპორტის ერთი მეოთხედი ჩინეთზე მოდიოდა. ანგარიშის თანახმად, რომელსაც ეყრდნობიან მკვლევრები, 2020 წელს ჩინეთი უზრუნველყოფდა რუსეთის მიერ ნახევარგამტარების იმპორტის 57%-ს და ინტეგრალური სქემების იმპორტის 20%-ს. მრავალი ქვეყანა საკუთარ ნახევარგამტარებს ჩინეთში გზავნის შესაფუთად. ამიტომ სანქციების შემოღების შემდეგ აშშ-მა გააფრთხილა ჩინეთი მის წინააღმდეგ მეორადი სანქციების თაობაზე, თუკი დასავლეთის ნახევარგამტარები რუსეთში მოხვდებოდა. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ჩინეთის ფირმებმა შესაძლოა წვდომა დაკარგონ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიებზე, საქონელსა და ვალუტაზე.

დიპლომატიურ დონეზე პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, გმობს სანქციებს და თავს იკავებს გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრის დროს, თუკი რეზოლუცია რუსეთს ეხება. მაგრამ ჩინეთის კომპანიებს ეშინიათ მეორადი სანქციების და ისინი ტოვებენ რუსეთის ბაზარს. საგადასახადო სისტემა China UnionPay-მ უარი თქვა რუსეთის იმ ბანკებთან თანამშრომლობაზე, რომლებზეც სანქციები ვრცელდება. რუსეთში საქმიანობა შეზღუდეს Huawei-მ, Lenovo-მ და Xiaomi-მ.

ამასთან, ჩინეთი არ წყვეტს რუსეთთან ვაჭრობას. ომის დაწყების შემდეგ მისი იმპორტი რუსეთიდან 66%-ით გაიზარდა ფულადი გაანგარიშებით. მისი დიდი ნაწილი მოდის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. ამასთან, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი რუსეთიდან უფრო ნაკლები საქონლის იმპორტს აწარმოებს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG