Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი აცხადებს, რომ უკრაინის ბერდიანსკის ნავსადგურიდან მარცვლეულით დატვირთული გემი გავიდა


შვიდი ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთულმა სავაჭრო გემმა რუსეთის მიერ დაკავებული ბერდიანსკი დატოვა. ეს პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ზაპოროჟიეს რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ, 30 ივნისს Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ ხომალდი გაემართა "მეგობრული ქვეყნებისკენ“. მას არ დაუზუსტებია, რომელია ეს „მეგობრული“ ქვეყნები და არც მარცვლეულის წარმომავლობაზე უთქვამს რაიმე.

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ მარცვლეულის მოპარვაში და ასევე მისი ნავსადგურების ბლოკირებაში, რაც ხელს უშლის მარცვლეულის გატანას საზღვარგარეთ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მთელ მსოფლიოში გამწვავებულია სასურსათო კრიზისი, რომლის დაძლევაში უკრაინას შეეძლო წვლილი შეეტანა თავისი მარცვლეულის ექსპორტით.

შავი ზღვის ნავსადგურების ბლოკირების გამო შემცირდა მარცვლეულის მიწოდება მსოფლიოს ბაზარზე. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინის მარცვლეულს მოიხმარს, მაგრამ სატელიტით გადაღებული ფოტოებითა და GPS-ის მონაცემებით დასტურდება, რომ რუსეთს უკრაინიდან მარცვლეული გააქვს სევასტოპოლის ნავსადგურიდან.

რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა. მარცვლეული უკრაინის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. შარშან მარცვლეულის ექსპორტის ოდენობა 12,2 მილიარდ ტონას - საერთო ექსპორტის თითქმის ერთ მეხუთედს უდრიდა. ომის დაწყებამდე უკრაინის შავი ზღვისპირა ნავსადგურებიდან, ბერდიანსკის ჩათვლით, ყოველთვიურად ექვსი მილიონი ტონა მარცვლეული გადიოდა. რუსეთსა და უკრაინაზე ერთად მოდიოდა მსოფლიო ხორბლის წარმოების მესამედი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის, ზოგიერთი არეალის დაკავების და იქ თავისი ადმინისტრაციის შემოღების შემდეგ, რუსეთი ძალით აქცევს ამ რეგიონებს თავისი ეკონომიკის ნაწილად.

24 თებერვალს უკრაინაში ომის გაჩაღების გამო დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, რომელმაც შექმნა „არამეგობრული“ ქვეყნების და ტერიტორიების სია.

XS
SM
MD
LG