Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა დაბლოკა რუსეთის საელჩოს კუთვნილი 890 ათასი დოლარის გადარიცხვა


რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ტოვებენ ბულგარეთს. 3 ივლისი, 2022 წელი
რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ტოვებენ ბულგარეთს. 3 ივლისი, 2022 წელი

ევროკავშირის სანქციების გამო ბულგარეთმა დაბლოკა 890 ათასი დოლარის გადარიცხა სოფიაში მდებარე რუსეთის საელჩოსთვის. ამის შესახებ ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა განაცხადა. მისი თქმით, რადგან აღნიშნული თანხა შესაძლოა განკუთვნილი იყოს დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა ხელფასებისთვის, მოითხოვა გადარიცხვაზე სანქციის მოხნა.

„რუსეთის საელჩო ამტკიცებს, რომ 890 ათასი დოლარი განკუთვნილია ხელფასებისთვის. მიმდინარეობს თანხაზე სანქციების მოხსნის შეთანხმება ევროკომისიასთან“, - განაცხადა ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა.

რუსეთის საელჩომ საინფორმაციო სააგენტო "ტასს" დაუდასტურა ინფორმაცია გადარიცხვის დაბლოკვის შესახებ, მაგრამ კომენტარზე უარი თქვა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ და მკაცრად უნდა უპასუხოს ბულგარეთის მიერ ფულადი გადარიცხვის დაბლოკვას.

რუსეთსა და ბულგარეთს შორის მორიგი დაპირისპირების ფონია გასულ კვირაში ბულგარეთიდან 70 რუსი დიპლომატის გაძევება, რამაც უკიდურესად გაამწვავა ურთიერთობა მოსკოვსა და სოფიას შორის.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა ბულგარეთში, ელეონორა მიტროფანოვამ, ბულგარელებს „დასავლეთის ლაქიები“ უწოდა.

ბულგარეთმა 28 ივნისს გამოაცხადა, რომ ეს რუსი დიპლომატები მოქმედებდნენ სოფიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. დიპლომატებს 3 ივლისამდე მისცეს ვადა ქვეყნის დასატოვებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამისი ზომებით უპასუხებს ბულგარეთის მიერ 70 რუსი დიპლომატის გაძევებას.

ბულგარეთში რუსეთის ელჩმა ელეონორა მიტროფანოვამ გასულ კვირაში თქვა, რომ დიპლომატთა გაძევების გამო, მოსკოვს მიმართავს სოფიაში საელჩოს დახურვის თხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG