გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ გოგინაშვილმა მმართველი პარტია დატოვა. ის, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოს მეხუთე დეპუტატია, რომელმაც დღეს, 11 ივლისს, „ქართული ოცნებიდან" გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის დატოვების მიზეზების შესახებ გოგინაშვილი „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს. ის, ფაქტობრივად, იმეორებს კოლეგების მიერ დასახელებულ არგუმენტებს და აქცენტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაზე აკეთებს.
„ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდეის თქმაა საჭირო და რამდენის არა. მე მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს...
მაშინ როდესაც, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს გააჩნია, უახლოესი პარტნიორი ქვეყნის ელჩის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვესმინე კითხვებზე პასუხები, ვნახეთ შეურაცხყოფა და უპატივისმცემლობა.
ქართველმა ხალხმა (განსაკუთრებით გორელებმა) კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც სურთ რადიკალურ ძალებს უბიძგონ ჩვენ ქვეყანს. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ ვნახეთ საპირისპირო.
სწორედ ამიტომ, ვუერთდები ჩემი კოლეგის მოწოდებას, ვტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას" და ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის თანამდებობას იმისთვის, რომ უფრო თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არავის მივცე საშუალება კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში", - წერს გორის საკრებულოს წევრი.
მიხეილ გოგინაშვილი დაარსების დღიდან იყო „ქართული ოცნების“ წევრი. აქამდე მას ეკავა პარტიის გორის რეგიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოზიცია.
დღეს „ქართული ოცნების" რიგებიდან გავიდნენ ლაგოდეხის, ჭიათურის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოების წევრები.
პარტიის რიგებიდან წასვლის შესახებ მათი მოტივაცია მსგავსია პარლამენტარების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის მოტივაციისა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს საყვედურის შინაარსით წერილი 8 ივლისს მისწერა. წერილში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის. მიხეილ ყაველაშვილის წერილი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ელჩმა დეგნანმა ამ წერილზე თქვა, რომ "სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით" და ბოლომდე მისი წაკითხვაც კი ვერ შეძლო.
დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.
უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.