3 ადამიანია მოკლული და 2 დაჭრილი ინდიანის შტატის ქალაქ გრინვუდის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად. კვირას საღამოს, შენობაში ცეცხლი გახსნა მამაკაცმა, რომლის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებენ.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სავჭრო ცენტრში მყოფმა, კანონიერად შეიარაღებულმა 22 წლის კაცმა. მას სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა გრინვუდის მერმა მარკ მეიერსმა.
აშშ-ში ხშირია მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში სროლის შემთხვევები. 4 ივლისს, ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა. 1 ივნისს, 4 ადამიანი მოკლეს ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში, წმინდა ფრანცისკეს სახელობის ჰოსპიტლის კამპუსზე შეიარაღებული თავდასხმისას. 24 მაისს, 18 წლის ტეხასელმა 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი მოკლა ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში.
25 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების კანონს, რომელიც ითვალისწინებს იარაღის შეძენის მსურველი, 18-21 წლის ასაკის პირების უფრო მკაცრად შემოწმებას. იარაღს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიძენს ოჯახური ძალადობისთვის სასჯელმოხდილი პირი. 15 მილიარდი დოლარი გამოიყო სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებისთვის და მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებისთვის.