Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას უსამართლო უწოდა. როგორც ის ამბობს, დოკუმენტში საუბარია სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებასა და ივანიშვილის დასჯაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს წერილი იმის გამო გაუგზავნა, რომ „ქართული ოცნების" ოპონენტები და მათი ლობისტები რეზოლუციის ჩანაწერს სპეკულაციისთვის იყენებენ.

„ევროკომისიის ხელმძღვანელს ძალიან მნიშვნელოვანი წერილი გაეგზავნა, რადგან რეზოლუცია სპეკულაციისთვის გამოიყენება, ასევე ის ჩანაწერიც, რომელიც მოხდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ ეს დაუკავშირონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ამ კუთხით ძალიან მნიშვნრლოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს. იმისთვის რომ სპეკულაციისთვის არ დარჩეს სივრცე და არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, როგორც პრემიერ-მინისტრის წერილი, ასევე მნიშვნელოვანია ქალბატონი ურზულა ფონ დერ ლაინერის პასუხი მასზე", - განაცხადა ბათუმში მყოფმა ირაკლი კობახიძემ.

9 ივლისს რეზოლუციის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს".

ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.

"ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა, - წერს ღარიბაშვილი.

ის ამბობს, მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

17 ივნისს კი ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

XS
SM
MD
LG